2015 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო მოხალისეობის შესახებ საქართველოს კანონი.

,,მოხალისეობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით ,,მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. "

კანონის მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული პირი, 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობას ახორციელებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

მოხალისე, ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად განახორციელოს;

ბ) მასპინძელ ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხისა თუ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს;

გ) იზრუნოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს;

დ) მასპინძელ ორგანიზაციას დროულად აცნობოს ავადმყოფობის ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

მოხალისეს კი უფლება აქვს, მასპინძელ ორგანიზაციას მოთხოვოს, მას აუნაზღაუროს:

ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები;

ბ) მგზავრობის ხარჯები;

გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნის და ცხოვრების) ხარჯები;

დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

მოხალისე და ორგანიზაცია ვალდებულნი არიან გააფორმონ მოხალისობრივი ხელშეკრულება, მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირად, განსაზღვრული ვადით ან საქმიანობის განხორციელების ვადით. ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით იდება, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

რაც შეეხება, მოხალისეობის ხანგრძლივობას, მოხალისის სამუშაო დროის ხანგრძლივობა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება და ხელშეკრულებაში აღინიშნება, ხოლო 16 წლიდან 18 წლამდე მოხალისის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 36 საათს არ უნდა აღემატებოდეს.